ჩვეულებრივ, რბილი ძალის არსი კონკრეტული სახელმწიფოს მხრიდან სასურველი მიზნის, ხისტი ძალის გამოყენების გარეშე მიღწევის საშუალებაა. ეს ყოველივე შეიძლება გულიხსმობდეს კულტურის, რელიგიის, ენის, ისტორიის ან ეკონომიკური თემატიკის გამოყენებას სხვადასხვა საინფორმაციო, საკომუნიკაციო თუ უშუალო ურთიერთობების მეშვეობით, რაც სამიზნე საზოგადოების დემორალიზაციას და დაყოლიებას შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, რბილ ძალას აქვს თავისი შეზღუდვებიც, მაგრამ ის შემდგომი ქმედებების ლეგიტიმაციის ჩარჩოს შექმნისათვის ეფექტური საშუალებაა. რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი, მის მიერ 2013 წელს შექმნის “გერასიმოვის დოქტრინაში”, რომელიც ჰიბრიდული ომის საშუალებების მიმოხილვასა და მნიშნელობაზეა აგებული, მუდმივად ხაზს უსვამს მოწინააღმდეგის ზურგში დეზინფორმაციისა და საინფორმაციო საშუალებებით მანიპულაციების მეშვეობით არსებული სამიზნის განეოტრალების მნიშვნელობას. იგი აპელირებს ფაქტზე, რომ თანამედროვე საინფორმაციო საშუალებების სიჭრელე ერთგვარი უპირატესი საშუალებაა, რათა მოხდეს არა მოწინააღმდეგის სამხედრო გზით განადგურება, არამედ მცდარ და დამახინჯებულ ინფორმაციაზე აგებული კამპანიით დასუსტება იმ დონეზე, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ან/და საშუალება საერთოდ აღარ არსებობდეს.
რუსული რბილი ძალა და მისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება სულაც არ არის ახალი მოვლენა და ის ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის პერიოდიდან არსებობდა, როდესაც ჩამოყალიბდა საერთო პან-სლავური იდეა და წინ წამოიწია რელიგიური მოტივებიც – რომელთა დამცველის სტატუსიც ქუჩუკ-კაინარჯის 1774 წლის ზავის შედეგებიდან გამომდინარე, რუსეთმა კიდევ უფრო გაიმყარა (წარმოადგენდა რა, რბილი ძალის უმთავრეს ბაზისს).
დროთა განმავლობაში რბილი ძალის მიმართულებები დაიხვეწა, გამრავალფეროვანდა და საბჭოთა კავშირის გაჩენასთან ერთად რელგიური ელემენტები ეკონომიკურმა მოტივებმა შეცვალა, რასაც უტოპისტური კომუნიზმის იდეებიც უწყობდა ხელს, რომელთა პროპაგანდაც ათწლეულების განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. ყოველივე ამან სამხრეთ კავკასიაში თითქმის ორ საუკუნეზე მეტ ხანს გასტანა და დღემდე საკმაოდ მნიშვნელოვან ეფექტს ატარებს.
რას ეყრდნობა თანამედროვე რუსული რბილი ძალა? პირველ რიგში აღსანიშნავის ის, რომ რუსეთი ცალსახად არ უარყოფს დემოკრატიას, როგორც ფასეულობას, მაგრამ გვთავაზობს მის განსხვავებულ ვერსიას. რუსული თავისებური, ე.წ. “სუვერენული დემოკრატიის“ აღქმა მთლიანად მორგებულია რუსეთის მოქმედი პოლიტიკური ელიტის გამოწვევებზე და ხაზს უსვამს იმ ფაქტორს, რომ საგარეო აქტორების არსებობა შიდა სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში უადგილო და მიუღებელია, ხოლო საზოგადოებამ შესაძლოა აირჩიოს ერთი ლიდერი არა შეზღუდული ვადით, არამედ რამდენჯერაც უნდა და მიანიჭოს მას თუნდაც განუსაზღვრელი უფლებები. მმართველობის ასეთი ფორმის პირობებში საზოგადოების მხრიდან დღის წესრიგის ფორმირებაზე საუბარი მხოლოდ მოჩვენებითია და სინამდვილეში საქვე გვაქვს მათი ქვეყნის შიდა საქმეებიდან იზოლირებასთან, ხოლო მმართველი წრეების მხრიდან ავტორიტარიზმის ხელშეწყობასთან. ერთი მხრივ, აღნიშნული მოტივი რბილი ძალის საკმაოდ უჩვეულო ელემენტია, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ ეფექტური, რადგან მოცემული იდეა შესაძლოა მიმზიდველი იყოს არამხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, რომლებიც ჩაბმულნი არიან დემოკრატიზაციისა და ტრანზიციის პროცესში, არამედ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ლიდერთათვისა და იმ სახელმწიფოებისათვისაც, რომლებიც ევროპისა და აშშ-ს წინამძღოლობით პროგრესირებენ.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთათვის საბჭოთა კავშირის დაშლისა და დემოკრატიზაციის ტალღას თან მოჰყვა რამდენიმე რევოლუცია და სამოქალაქო დაპირისპირება, რაც ძირითადად, პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლასთან იყო დაკავშირებული. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ხშირად ტრანზიციის პროცესს თან ახლავს საფრთხე, რომ შერეული, ჰიბრიდული რეჟიმები რეგრესირდებიან და ჩამოყალიბდებიან ავტორიტარულ მმართველობებად. სწორედ აღნიშნული შექმნილი ვითარებაა მიმზიდველი რუსეთის მხირდან რბილი ძალის გამოყენებისათვის.
ძალიან მნიშნელოვანია რელიგიური ფაქტორის მიმოხილვა. ვლადიმერ პუტინი და მისი ადმინისტრაცია მუდმივად იმ მითიურ რეალობაზე, რომლის მიხედვითაც, სწორედ რუსეთი წარმოადგენს ერთგვარ მესიანისტურ, ქრისტიანული რელიგიის დამცველ, წმინდა ძალას, მით უფრო დასავლეთთან შედარებით, რომელიც თითქოს დეკადანსის გზაზეა დამდგარი. რუსულ პროპაგანდას აქვს ორი მიმართულება: ის, რომ ევროპასა და აშშ-ში ყველაფერი ბევრად უფრო ცუდადაა, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია და ის, რომ რუსეთი მიუხედავად თავისი სირთულეებისა, მორალისა და ზნეობის უკანასკნელი ბასტიონია. ცხადია, აღნიშნული მითი მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯებით, მანიპულაციებით, დეზინფორმაციითა და ხშირად უბრალო ტყუილებით მიიღწევა. მეტიც, რუსეთი ცდილობს მუდმივად წარმოაჩინოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაკარგვის საფრთხე, რაც თითქოს მცირე სახელმწიფოებს ემუქრებათ დიდ ალიანსებში გაწევრიანების შემთხვევაში. რთული ისტორიისა და მიმდინარე კონფლიქტის კერების მქონე საზოგადოებებზე, აღნიშნული რიტორიკა ცალკეულ შემთხვევაში ეფექტიანად მოქმედებს.
ყოველივე ამით რუსული რბილი ძალა და პროპაგანდა მოქმედებს საკმაოდ აქტიურ, ტრადიციონალისტურ მოტივებზე დაყრდნობით, რაც წარმოდგენილი და მოსახლეობის მიერ უმეტესწილად გაზიარებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რუსეთი ცდილობს ხაზი გაუსვას შავ-თეთრ პროპაგანდას და აღნიშნოს დასავლეთის „დაცემა“, ხოლო თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც ტრადიციებისა და სიწმინდეების მცველი, რასაც გარკვეულწილად ახერხებს კიდეც თავისი კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი რბილი ძალის ინსტრუმენტის – მედიის მეშვეობით.
რუსეთის სახელმწიფო თავისი სახსრებით ფლობსა და ინახავს რამდენიმე ადგილობრივ ტელევიზიას, რომელიც უშუალოდ ტირაჟირებენ სწორედ იმას, რასაც სახელმწიფო პოლიტიკა კარნახობთ, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით არსებობს ინგლისურენოვანი 24 საათიანი სამაწუყებლო კომპანიები Russia Today და Sputnik, რომელიც ასევე კოორდინირებს რუსეთის პოლიკური ინტერესებთან. ამასთან Center for International Media Assistance-ის 2014 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თუ საქართველო და აზერბაიჯანი შედარებით ნაკლებად მოწყვლადები არიან რუსული მედია-პროპაგანდის ზეგავლენისაგან, სომხეთში აღნიშნული სურათი კიდევ უფრო მძიმეა. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასიაში ხშირად ლინგუა-ფრანკა, ანუ გარესამყაროზე ინფორმაციის მიღებისა და კომუნიკაციის წარმართვის ერთ-ერთ უმთავრეს ენას, კვლავ რუსული წარმოადგენს, რაც დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებას კიდევ უფრო ამარტივებს.
რუსული რბილი ძალა ეყრდნობა რელიგიურ, კულტურულ, ეთნიკურ თუ სხვა ნიშნის შემცველ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს მცდარი ან დამახინჯებული ახალი ამბავის მიწოდებას, ისტორიის ინტერპრეტაციას, ფარულ მუქარასა და მარტივ ტყუილს, რაც, გრძელვადიანად გამოიღებს სასურველ შედეგს და სამიზნე საზოგადოებას შეაცვლევინებს დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით.
სამაუწყებლო მედიისა თუ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – პრორუსულად განწყობილი არასამთავრობო სექტორის განვითარება კიდევ ერთი ეფექტური და მნიშვნელოვანი მეთოდია, რომელსაც რბილი ძალის ინსტრუმენტად იყენებს რუსეთი. რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი შესაძლოა აღვიქვათ, როგორც გრძელვადიანი რუსული ინტერესების გამტარებელი ერთგვარი ჯაჭვი, რომელიც ნელა, მაგრამ ეფექტურად მოახერხებს რეკრუტირებას ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა, რომლებიც ყველაზე მოწყვლადები არიან და შემდგომ მათთან ერთად აწარმოებს თანმიმდევრულ და უწყვეტ პროპაგანდას იმ ღირებულებებისა, რაც რუსული პოლიტიკური მიზნებისათვის იქნება შესაბამისი.
ყოველივე ამას ემატება საინფორმაციო კამპანიის წარმოება სოციალურ ქსელებში, სადაც პრო-რუსულად განწყობილი ადამიანები ან ორგანიზაციები ქმნიან ე.წ. “ტროლთა” არმიას, რომლებიც ერთის მხრივ ქმნიან პრო-რუსულად განწყობილი მოსახლეობის არსებობის ილუზიას, რომელთაც თითქოს აქვთ ლეგიტიმაცია მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივი, მედიისა და სამთავრობო სტრუქტურების დღის წესრიგის ფორმირებაში, ხოლო მეორეს მხრივ ქმნიან პრო-რუსულ თქმულებებს (ნარატივს), რომლის მიხედვითაც ხდება მოცემული ჭეშმარიტი ფაქტების ინტერპრეტაცია და დამახინჯება. მეტიც, “ტროლთა” არმია ცდილობს ჩაერიოს ნებისმიერ აკადემიურ ან მიმომხილველობით დისკუსიაში და უცენზურო ლექსიკის გამოყენებით, ცინიზმითა და ფაქტების დამახინჯებით მოახდინოს აღნიშნული პროცესის რელსებიდან გადაყვანა. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით კარგად შეინიშნება “ფეისბუქზე” არსებულ დისკუსიებსა და “ტვიტერზე” სპეციალურად შექმნილ დეზინფორმატორ სააგენტოებში.
დეზინფორმაცია განსაკუთრებით კარგად მუშაობს ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც რეჟიმები ჰიბრიდულია (გარდამავალია) ხოლო ეკონომიკები სუსტი. თუ აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის მრეწველობის განვითარებამ ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და უმუშევრობის დონის შემცირებას, საქართველოსა და სომხეთის შემთხვევაში, პრობლემები თვალსაჩინოა: საქართველოში უმუშევრობა Trading Economics-ის 2018 წლის მონაცემებით, 14%, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით (მაგ. NDI-ის კვლევით) ბევრად მეტია. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ქვეყნები ბუნებრივად ეძებენ ეკონომიკური განვითარების გზებს, რაც ბუნებრივადაა დაკავშირებული საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან. მაშინ, როდესაც ევროკავშირისა და აშშ-ის (USAID) როლი სამხრეთ კავკასიის სოციო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სექტორის განვითარებაში საკმაოდ დიდია და ყოველწლიურად მატულობს, რუსეთი ამის საპირისპიროდ, ცდილობს მოცემული რეალობის დაკნინებასა და მუდმივად ხაზს უსვამს ევრაზიული კავშირის უპირატესობასა და მის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ამ გარემოებას კი ბუნებრივად მივყავართ ისტორიული ფაქტების მანიპულაციამდე: რუსეთი თანმიმდევრულად ცდილობს საბჭოთა პერიოდის ნარატივების გახსენებას ძველ ეკონომიკურ სტაბილურობასთან მიმართებით, სადაც მართალია, არ ჰქონდა ფიზიკურ პირს კერძო ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ ჰქონდა სამუშაო.
საქართველოსა და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის განხორციელების შემდეგ, რბილი ძალის გამოყენება არათუ არ შესუსტებულა, არამედ დინამიურად გაიზარდა კიდეც. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო და არის რუსული მედიის როლი აღნიშნულ კონფლიქტებში, რადგან მისი მეშვეობით, რუსეთი ავრცელებდა არამხოლოდ დამახინჯებულ ინფორმაციებს, არამედ აგრესორად ასაღებდა სწორედ იმ ქვეყანას, რომელზეც ახორციელებდა სამხედრო აგრესიას. ამ ინფორმაციას მომხრეები გამოუჩნდნენ თავად რუსეთის აგრესიისაგან დაზარალებულ ქვეყნებში, რომლებშიც ადგილობირივი მედიისადმი ნდობა არ არის მაღალი, ხოლო საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებზე წვდომა შეზღუდულია, როგორც ტექნიკური საშუალებების არარსებობის, ისე ენობრივი ბარიერის გამო.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის რბილი ძალა არ წარმოადგენს სუსტ და არაორგანიზებულ, მყიფე ფენომენს, არამედ იგი მრავალწახნაგოვანი ეფექტური კრებულია კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და რელიგიური მოტივებისა და ღირებულებებისა, რომელიც ემსახურება რუსული პოლიტიკური და სამხედრო მიზნების არასამხედრო გზებით მიღწევას.
გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი