კლიმატი და პოლიტიკა – ისტორიული ანალიზი

imageXXI საუკუნე კლიმატის ცვლილების საუკუნეა. მიმდინარე ტენდენცია ეკოლოგიური გამოწვევებისა და კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომელიც საინფორმაციო საშუალებებითა და სოციალური მედიით ვრცელდება, ქმნის განცდას თითქოს პრობლემა მხოლოდ ამ საუკუნეში გახდა მწვავე, თუმცაღა აღნიშნული მიდგომა მცდარია, რადგან გარემო ყოველთვის წარმოადგენდა პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს.

ისტორიული მონაცემები ცხადჰყოფენ, რომ 900-1300 წლებში ტემპერატურა საკმაოდ თბილი იყო, რამაც მოსავლის სიჭარბე და მოსახლეობის ზრდა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსნული ლაშქრობები მიმდინარეობდა ევროპაში შედარებით სიმშვიდე და სტაბილურობა სუფევდა.

ევროპის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები შეინიშნება 1500-ნი წლების პირველივე ნახევრიდან, რასაც ემთხვევა ტემპერატურის რადიკალური ვარდნა და ზოგადი აციება. მიუხედავდ იმისა, რომ ტემპერატურის ვარდნა მე-14 საუკუნიდან ხდება შესამჩნევი, რასაც მომთაბარე ტომების გადასახლება, ავამდმყოფობების გავრცელება (მაგ. შავი ჭირი მე-14 საუკუნის შუა წლებში) და წინამდებარე წესრიგების რღვევა მოჰყვებოდა ხოლმე. კლიმატური ცვლილება კიდევ უფრო რადიკალური მე-16 საუკუნიდან ხდება. მონაცემები ცენტრალური ევროპიდან მიანიშნებენ ფაქტს, რომლის მიხედვითაც ტემპერატურა ზაფხულშიც კი იმდენად ცივი იყო, რომ მოსახლეობა წლის ამ დროსაც იყენებდა შეშას, რათა გამთბარიყვნენ. თვეობით გრძელდებოდა ყინვები, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის მდინარეებიც კი ყინულით იფარებოდა, ხოლო მოსავალი პერიოდულად ნადგურდებოდა. დროის აღნიშნული მონაკვეთი “მცირე გამყინვარების” სახელითაა ცნობილი, რასაც 1300-1850 წლებში ვხდებოდით. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ XVII-XVIII საუკუნეების მხატვრობაში საკმაოდ პოპულარული გახდა ისეთი პეიზაჟების შექმნა, რომელიც რაიმე სახით უკავშირდებოდა გლობალურ აციებას, რაც ასახავდა კიდეც მაშინდელი ევროპის კლიმატურ მდგოგმარეობას.

ყოველივე ამის მიზეზი შეიძლება მზის გამოსხივების შემცირება ყოფილიყო ან ვულკანური აქტივობა, რამაც მზის სხივების შემოსვლას შეუშალა ხელი, მაგრამ ფაქტი ერთია – დაიწყო თუ არა მცირე გამყინვარება, სიტუაცია უკონტროლო გახდა ევროპაში. შავი ჭირი, რეფორმაციული მოძრაობები, ინკვიზიცია, სამოქალაქო ომები, საჭმლის დეფიციტით გამოწვეული დაპირისპირებები ჩვეული მოვლენები გახლდათ. ტემპერატურამ განსაკუთრებული ვარდნა 1600 წლებიდან შეინიშნება, რა დროსაც განვითარდა ისეთი სერიოზული კონფლიქტები, როგორიც იყო ინგლისის სამოქალაქო ომი, ოსმალთა და ირანის დაპირისპირება, პოლონეთ-ლიტვის გაერთიანების დაშლა-დასუსტება, ოცდაათწლიანი ომი ევროპის ქვეყნებს შორის და შიმშილობა ნიდერლანდებში. ევროპის გარდა არეულობები და ომები გამძაფრდა აზიის კონტინენტზეც.

მოსახლეობა უკმაყოფილო იყო ცხოვრების არსებული პირობებით, რამაც მათ უბიძგა გადაეფასებინათ არსებული წესირიგი და ეჭვი შეეტანათ მეფეთა, სასულიერო ლიდერთა და ადგილობრივ ფეოდალთა ღვთიურ უფლებაში. ძალადობამ, რომელიც გადარჩენის ერთ-ერთ გზად იქცა, პრაქტიკულად დაარღვია არსებული მორალური ნორმები. აუხსნელმა მოვლენებმა, რადმენადაც შიშისა და აგრესიის ესკალაცია გამოიწვია, იმდენად შეამცირა ავტორიტეტის რწმენა. საბოლოოდ, ამან განმანათლებლობასაც კი შეუწყო ხელი, რის შედეგადადაც ყოველივეს ინტერპრეტაცია, როგორც “ღვთის სასჯელი” ნაკლებ პოპულარული გახდა.

მიუხედავად ასეთი არეულობისა და სიმძიმისა, კლიმატური ცვლილებები ერთგვარ ბიძგად იქცა იმისა, რომ მომხდარიყო ინდუსტრიული რევოლუცია. ხის ნაკლებობა გახდა მიზეზი, რომ ქვა-ნახშირის ათვისება და მანქანა-დანადგარების გამოგონება გახდა საჭირო. ცხოვრების პირობების გართულებასთან ერთად, შეიქმნა აუცილებლობა შრომა შედარებით გამარტივებულიყო, რათა ადამიანები კრიტიკულ კლიმატურ გარემოებებში გადარჩენილიყვნენ, რაც შრომის დანაწილების წინაპირობად იქცა, ხოლო სახელმწიფოებმა დაიწყეს მოპოვებული რესურსების დაზოგვა და გადანახვა, რადგან ყოველი მომდევნო ზამთარი შეიძლება უფრო ცივი ყოფილიყო, ვიდრე წინა, მოსახლეობის დამშევა კი აუცლებელ დაპირისპირებას გამოიწვევდა.

კრიზისმა თანდათან 1850 წლისათვის გადაიარა, თუმცა უმკარცრესმა ზამთარმა ისეთ მნიშვნელოვან მოვლენაზეც მოახდინა ზეგავლენა, როგორიც ნაპოლეონის ლაშქრობა იყო რუსეთის იმპერიაში, რა დროსაც ყინვამ ფრანგ სამხედროებს სამხედრო მუნდირის შესაკრავი ღილებიც კი დაუხეთქა.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ყოველი მომდევნო კლიმატური ცვლილება დაპირისპირების მიზეზი ხდებოდა ხოლმე, რისი მაგალითიცაა 1916-17 წლის აციება, რასაც რუსეთის იმპერიაში ორი რევოლუცია მოჰყვა. რა თქმა უნდა, შესაძლოა თებერვლის რევოლუციის ფუნდამენტური მიზეზები სრულიად სხვა იყოს, მარამ ფაქტი ისაა, რომ დიდთოვლობისა და რამდენიმეთვიანი უამინდობის პირობებში პურის მიწოდებაც კი ვერ მოხერხდა პეტრორადისათვის (პეტერბურგის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი სახელი), რასაც მოსახლეობის ქუჩებში გამოსვლა მოჰყვა.

ყოველივე აქედან გამომდინარე ცხადია კლიმატი ზეგავლენას ახდენს პოლიტიკაზე და ისიც ნათელია, რომ აღნიშნული თემა მხოლოდ XXI საუკუნის პოპულარული ტენდენცია არ გახლავთ, არამედ მისი ფესვები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებთანაა დაკავშირებული. მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ რომის იმპერიის დამხრობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ კლიმატური ცვლილებები გახდა, რამაც უბიძგა კიდეც გერმანულ ტომებსა და ჰუნებს დაეტოვებინათ თავიანთი სახლები და გადასახლებულიყვნენ სამხრეთით, სადაც კლიმატი უფრო რბილი იყო, ხოლო მოსავალი მეტად ნაყოფიერი. შესაბამისად ეკოლოგია არ გახლავთ პოლიტიკისაგან განკერძოებული საკითხი, არამედ მას გააჩნია ირიბი ან პირდაპირი ზეგავლენა საზოგადოებრივ წესრიგსა და სოციო-ეკონომიკურ სტაბილურობაზე, რისი მაგალითებიც არამხოლოდ წარსული ფაქტები, არამედ თანამედროვე ტენდენციებიც გახლავ.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s