კენჭისყრის დღეს საარჩევნო აგიტაციის განხორციელების წესი და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები

არჩე

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოიცავს წინასაარჩევნო აგიტაციის მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებიც თავის მხრივ ითვალისწინებენ გარკვეულ შეზღუდვებს საარჩევნო აგიტაციის კუთხით უშუალოდ კენჭისყრის დღისთვის.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის  ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

სააპრეზიდენტო არჩევნების მიზნებისთვის საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით რეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატი, ხოლო საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის სტატუსი  გააჩნია პირს, რომელიც  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილია რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში კი თავის მხრივ იგულისხმება პოლიტიკური გაერთიანებების ცენტრალური თუ რეგიონული ოფისები, საარჩევნო  შტაბები, ცალკეულ უბნებში თუ დასახლებებში შექმნილი  მიკროშტაბები და ა.შ.  შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა საარჩევნო კანონმდებლობის რეგულაციით კვალიფიცირდება აგიტაციად.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“  45–ე მუხლის მე–11 პუნქტის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია  წინასაარჩევნო აგიტაცია.  შესაბამისად, ნებისმიერი საჯარო ქმედება რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევას ( აგიტაცია და კონტრაგიტაცია: სიტყვით გამოსვლა, მოწოდება, სააგიტაციო მასალის, მათ შორის მაისურის ან ნებისმიერი ატრიბუტის ტარება რომელზეც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი ან მისი საარჩევნო რიგითი ნომერი ) განხორციელებული კენჭისყრის შენობაში ფასდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

საარჩევნო კანონმდებლობით არ იკრძალება საარჩევნო აგიტაციის განხორციელება უშუალოდ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის შენობის ეზოში. თუმცა, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველთა აზრის ფორმირებისკენ მიმართული ქმედება, სიტყვით გამოსვლა, სააგიტაციო მასალის გამოფენა თუ მხარდამჭერთა სიაზე მუშაობა ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებების თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ფასდება უარყოფით ტენდეციად, შემთხვევად რომელმაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენას მოახდინოს ამომრჩეველთა  ნების თავისუფალ გამოვლენაზე.

საარჩევნო კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ პირთა წრის შესახებ, რომელთაც საარჩევნო პერიოდში ნებისმიერ დროს თუ ადგილას ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა თუ აგიტაციის განხორციელება.

წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს:

ა) საარჩევნო კომისიის წევრს;

ბ) მოსამართლეს;

გ)საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს;

დ) გენერალური აუდიტორს;

ე) საქართველოს სახალხო დამცველს;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას;

ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებს;

თ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაგალითისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან აგიტაცია/კონტრაგიტაცია,  თუნდაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვალიფიცირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევად, რომლისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ფინანსური პასუხისმგებლობა (ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით).

აღსანიშანვია, რომ საარჩევნო კომისიის წევრისგან განსხვავებით საქველმოქმედო თუ რელიგიური ორგანიზაციის წევრს არ ეკრძალება საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა თუ იგი ამ ღონისძიებაში მონაწილეობს დამოუკიდებლად, როგორც რიგითი ამომრჩეველი და არა  როგორც ორგანიზაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით ორგანიზაციის წარმომადგენელი.

საქართველოს ოგრანული კანონის „ საარჩევნო კოდექსის“  51-ე მუხლის მე-16 პუნქტით დათქმულია, რომ კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება ტელევიზიის და რადიოს ეთერში. მოცემული რეგულაციის გათვალისწინებით არჩევნების დღეს არ იკრძალება  ტელევიზიის თუ რადიოს ელექტრონულ რესურსზე (ვებ-გვერდზე) პოლიტიკური რეკლამის, ვიდეო რგოლის, ბანერის განთავსება. ასევე, კენჭისყრის დღეს არ არის აკრძალული პოლიტიკური რეკლამის გავრცელება სოციალური ქსელების მეშვეობით, რადიოსა და ტელევიზიის პირადაპირი ეთერში საპრეზიდენტო კანდიდატის ან პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების, სხვა ამომრჩევლების მიერ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი თუ საწინააღმდეგო მოწოდების გავრცელება.

ლევან პაპავა

თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s