შუალედური არჩევნები აშშ-ში და მისი შედეგები

rep-dem

“ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ახლოსაა სრულ გამარჯვებასთან“ – თავმომწონედ, ჩვეულ სტილში, შეაფასა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შუალედური არჩევნები კონგრესში.

კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: დემოკრატები – 227; რესპუბლიკელები – 198. წინა კონგრესთან შედარებით, რესბუპლიკელებმა დაკარგეს 32 ადგილი წარმომადგენლობით პალატაში, დემოკრატებმა კი მოიპოვეს 32-ით მეტი, გადასცილდნენ რა 218 ადგილის ნიშნულს (რომელიც იძლევა წარმომადგელობითი პალატის კონტროლის საშუალებას) და მოიპოვეს უმრავლესობა.

სენატში (იგივე კონგრესის ზედა პალატაში) ბალანსი თითქმის უცვლელი დარჩა: 51-46 რესპუბლიკელების სასარგებლოდ (არჩევნებამდე 52-46 იყო) შესაბამისად,  რესპუბლიკელებმა კვლავ შეინარჩუნეს უმრავლესობა.

გუბერნატორების არჩევნების შედეგი ასეთია: დემოკრატები -23 (+7 შტატი წინანდელთან შედარებით, რესპუბლიკელები – 25 (-6 შტატი).

აღსანიშნავია კონკურენციისა და პოლარიზების სიმძაფრის მაღალი ხარისხი: მაგალითად, გუბერნატორის პოსტზე რბოლაში, ფლორიდაში რესპუბლიკელმა  რონ დესანდისტმა მიიღო ხმების 49,6%, ხოლო მისმა მეტოქემ, დემოკრატმა ენდრიუ ჯილუმმა 49,2%. ასევე ვისკონსინის შტატში: დემოკრატმა ტონი ვოლკერმა 49.6% და რესპუბლიკელმა სკოტ ევერსმა 48.2.%. ამომრჩეველთა აქტივობის დონე და მოტივაციაც მაღალი იყო ჯორჯიის შტატში, სადაც ამომრჩევლები წვიმაში საათობით იდგნენ რიგში ხმის მისაცემად. ნევადაში კი  ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნების დაკეტვის ოფიციალური დროის  შემდგომ 3 საათი გრძელდებოდა.

როგორც ვხედავთ, არჩევნების შედეგები აშშ-ის საზოგადოებაში არსებულ  პოლიტიკური მოლოდინების თუ განწყობების მხრივ, საკმაოდ ორაზროვან  სიგნალებს იძლევა და აშშ-ის საზოგადოებაში არსებულ პოლარიზების მაღალ  ხარისხს ააშკარავებს.

დემოკრატთა მიერ დაანონსებული „ლურჯი ტალღა“ და ტრიუმფი ვერ შედგა, თუმცა წარმომადგენლობით პალატაში გამარჯვებული დემოკრატების  ლიდერი ნენსი პელოსის განცხადებით, ამერიკაში გათენდა დღე,  როდესაც შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპი კვლავ ამოქმედდება. ამერიკული მედიის დიდი ნაწილის შეფასებით, ეს დემოკრატიის გამარჯვებაა, რადგან  დემოკრატებს მიეცათ საშუალება დაერღვიათ ცალმხრივი ერთპარტიული ჰეგემონია კონგრესში (ორივე პალატაში უმრავლესობაში რესპუბლიკელები იყვნენ) და ამით კვლავ გაეხსნათ გზა კონგრესში დემოკრატიულად დაბალანსებულ პროცესებს. ჰილარი კლინტონი შემდეგნაირად გამოეხმაურა  არჩევნებს: „ამჟამად კონგრესს შეუძლია გადაარჩინოს დემოკრატია, რომლის ინტიტუტები და ფასეულობები ფეხქვეშ ითელებოდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ.“

დემოკრატებმა წარმომადგენლობით პალატაში მოპოვებული უმრავლესობის შედეგად ხელთ იგდეს საკანონმდებლო ფუნქცია, რომლითაც მათ შუძლიათ მნიშვნელოვნად შეაბრკოლონ ტრამპის საშინაო პოლიტიკის კურსი და აქტივობები. ასევე, კიდევ უფრო მეტი სიმძლავრით და გაორმაგებული ძალით  „კუდში სდიონ“ ტრამპს და საჭიროების შემთხვევაში, შექმნან სხვადასხვა კომისიები, რომლებიც მის ქმედებებსა და საქმიანობას გამადიდებელი ლუპით დააკვირდება და მოსვენებას არ მისცემს.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნებისათვის საკმაოდ არატრადიციული შედეგი, რადგან როგორც წესი, შუალედურ  არჩევნებში პრეზიდენტის პარტია კარგავს ორივე პალატაში უმრავლესობას. ამ შემთხვევაში კი რესპუბლიკელებმა მოახერხეს და შეინარჩუნეს სენატში თავისი სტატუს-ქვო. ეს თავისუფლად  შეიძლება ჩაითვალოს რესპუბლიკელების  მიღწევად და აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ დემოკრატებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს კონგრესის არჩევნებში – არარელევანტურია.

სენატში უმრავლესობის შენარჩუნებით, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება კვლავ რესპუბლიკელებს ეკუთვნით და აქედან გამომდინარე,  ტრამპმა მოახერხა, თავისი გუნდის, ასევე მის ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილის შენარჩუნება (მცირეოდენი დანაკარგებით) რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა  იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება რაღაც ავბედითი “შემთხვევითობა” არ ყოფილა, როგორც ამას დემოკრატები ამტკიცებენ.  წარმოჩინდა ის, რომ ტრამპის ექსტრავაგანტული, მჭექარე, ხმაურითა და მძვინვარებით სავსე წინასაარჩევნო კამპანიები მის სამიზნე აუდიტორიას  ზუსტად წვდება და რომ მიუხედავად მედიის და აშშ-ს კულტურული ისტებლიშმენტის მიმართ, მისი აგდებული, ცინიკური, მაიგნორებელი, უხეშობამდე დასული კრიტიკის და შესაბამისი აღშფოთებული, დაუნდობლად კრიტიკული უკუკავშირისა, ტრამპის საარჩევნო სტრატეგიები, ბევრისათვის პარადოქსულად  აღწევს თავის მიზანს. თუმცაღა ეს არცთუ ისე პარადოქსულად შიძლება ჩანდეს თუ კარგად დავაკვირდებით საარჩევნო კამპანიისას, მის ძირეულ მესიჯებს, აუდიტორიას, რომლისკენაც ისაა მიმართული და ფორმას, რომლითაც ის ამას ახორციელებს.

ტრამპის გამოსვლების და სარჩევნო კამპანიების ძირეული გზავნილები ძირითადად შემდეგი სახისაა:

  • იმიგრანტთა უზღვავი ნაკადების მიერ აშშ-ს დაფარვა, რომელსაც მოჰყვება  არალეგალთა მიერ  კრიმინალის, ნარკოვაჭრობის, ტერორისტული პოტენციალის კიდევ უფრო გავრცელება და დანერგვა, აშშ კულტურული  და სოციალური ყოფის კიდევ უფრო შევიწროება  და მასში ქაოსის  შეტანა;
  • ამერიკის მოქალაქეთა დასაქმების გაზრდისაკენ ზრუნვის მოტივით,  უცხოური საქონლის, სერვისების იმპორტზე კონტროლი, გადასახადის გაზრდა და იაფ მუშახელად შემოსულ მიგრანტთა რაოდენობის, სამომავლოდ შეცირება ქვეყანაში, (დემოკრატები და მათთან აფილიცირებული კვლევითი ინსტიტუტები, ექსპერტები და მედია, ასევე ხაზს უსვავენ ტრამპის გამოსვლებში დაფარულად და ზოგჯერ ექსპლიციტურადაც რასისტული ტიპის ფრაზეოლოგიას);
  • ეკონომიკური და სოციალური პრობლემების, კრიზისების წინაშე  მოქალაქეთა შიშების დაფისქირება და პროექცია გარეულ ფაქტორებზე (მიგრანტები და სხვა დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები, რომლებიც შიდა ამერიკულ ბაზარზე თავისი შეუზღუდავი გასავალით, ავიწროებენ ადგილობრივ მოაქლაქეებს და წარმოებებს, სამუშაოს მიღებასა და  საქონლის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში);
  • საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში მედიის წარმოჩენა, როგორც უპატიოსნო, უსამართლო, ფულზე გაყიდული და ყალბი აქტორებისა,  რომელთა მთავარი მიზანი ხალხის სამსახური და ფაქტების რეალური ,  ობიექტური გადმოცემა კი არა, არამედ სხვადასხვა ლობების და ფინანსურ ჯგუფების ინტერესების სასაგებლოდ, ფაქტების დამახიჯნება და რეალობის  გადაკეთებაა;

ყველაფერ ამას კი, ტრამპი აცხადებს საჯაროდ, სახალხოდ, მძვინვარედ  პოლიტკორექტულობის საზღვრებს მიღმა და მედიასთან მუდმივი, ხისტი, ინტენსიური, გაცხარებული პაექრობის რეჟმში. ამავდროულად მისი რიტორიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოპულისტური შემადგენალია, რომ ის აგრძნობინებს და განაცდევინებს იმ ადამიანებს და ჯგუფებს საკუთარი თავისა და ღირსების მნიშვნელობასა და ფასეულობას, რომლებთაც შეიძლება ითქვას ყოფით ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფებს სურთ თავიანთი ცხოვრებით, არსებობით, მიიღონ მონაწილეობა, შეიტანონ წვლილი რაღაც უფრო მეტში, დიადსა და ამაღლებულში, ვიდრე თავად არიან. აი ამ კომპონენტებში და მისი განხორციელების არაორდინალურ, შეტევით-აგრესიულ სტილში, ტრამპი ჯერ-ჯერობით მოწოდების სიმაღლეზე დგას და ინარჩუნებს კიდეც თავისი აუდიტორიის იმ დიდ ნაწილს, რომელმაც მის გაპრეზიდენტებას დაუჭირა მხარი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ასეთი აუდიტორიის საკმაო ნაწილი,  ძირითადად, მოდის სასოფლო სამეურნეო-ფერმერული რაიონებით და მიწებით მდიდარ შტატებში, სადაც „თეთრი ძირეული ამერიკელის“ კულტურული ნარატივი დღესაც ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და რომლის გამოღვიძების პროვოცირებასაც ტრამპი მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს, მას საკმაო შანსები რჩება.

ზემორე ხსენებულში უდიდეს მნიშვნელობას თამაშობს პრეზიდენტის და სენატის არჩევის წესი და მექანიზმი. თუ წარმომადგენლობით პალატაში ადგილები ნაწილდება შტატებში მაცხოვრებელი მოაქლაქეების რიცხობრივი მაჩვენებლის შესაბამისად, სენატის და პრეზიდენტის არჩევისას, თითოეულ შტატს, მიუხედავად მასში მოსახლეობის რაოდენობისა, თანაბარი წარმომადგენლობა გააჩნია, შესაბამისად აშშ-ს მოსახლეობის უმრავლესობამ, ვთქვათ 51 პროცენტმა რომ აირჩიოს დემოკრატი კანდიდატი, ტრამპს მაინც შეუძლია შეინარჩუნოს გამარჯვება, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნებისას მოხდა (მაშინ მან დაახლოებით 3 მილიონი ხმით წააგო ჰილარი კლინტონთან, თუმცა მაინც გაიმარჯვა). ამ ფენომენთან დაკავშირებით საგულისხმოა  პროგნოზები, რომლებზეც არაერთი კვლევითი ინსტიტუტი ამახვილებს ყურადღებას, დიდია შანსი, რომ თუნდაც 30 წლის შემდეგ, აშშ მოსახლეობის 70 % ამდე იცხოვრებს ურბანულად და ინდუსტრიულად მჭიდროდ და მაღალ განვითარებულ თხუთმეტიოდე შტატში, ამის გათვალისწინებით კი თუ პრეზიდენტისა და სენატის არჩევნების წესი იგივე დარჩება, დიდია შანსი, რომ მოსახლეობის 30 პროცენტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გახდეს პრეზიდენტი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს წარმომადგენლობითი დემოკრატიის საშინელ კრიზისს და არჩევნების შედეგების  სრულ შეუსაბამობას მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ინტერესებსა და არჩევანთან.

არჩევნებით დამდგარი  რეალობის და კონტექსტის  ფონზე, ტრამპს გააჩნია თავისი ფიგურის  წინ წამოწევის და  დემოკრატებზე ზეწოლის სხვა მექანიზმებიც. წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი  განსახილველად გადაეცემა სენატს, რომელმაც ხმათა უმრავლესობით უნდა დაუჭიროს მხარი მას და დასამტკიცებლად გადასცეს პრეზიდენტს, სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს უკავით, რაც მათ საშუალებას მისცემს ობსტრუქცია მოუწყოს წარმომადგენლობითი პალატიდან წამოსულ  ინიციატივებს, ამან თავის მხრივ დიდი შანსია გამოიწვიოს მთლიანად კონგრესის ფუნქციონირების არცთუ იშვიათად შეფერხება და რიგ შემთხვევებში პარალიზება, ეს კი ტრამპს მისცემს საფუძველს დემოკრატებზე მორიგი აგრესიულ-მბრალმდებელი თავდასხმისათვის, მისთვის ჩვეულ, უკომპრომისო, მძვინვარე, უხეშ სტილში, მკვეთრი ხაზგასმით, რომ როდესაც ისინი იყვნენ პაუსიხმგებელნი მთლიანად კონგრესში, ეკონომიკა იზრდებოდა, კონგრესი გამართულად ფუნქციონირებდა, ხოლო დემოკრატების უმრავლესობაში მოსვლის და მათ მიერ პროვოკაციული ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივების შემუშავებით და დამტკიცების მოთხოვნით, ისინი მიზანმიმართულად ახდენენ ქვეყანაში სახელისუფლებო მექანიზმის და ინსტუტუციების მუშაობის პარალიზებას, ასეთ საშიშროების შესაძლებლობას მიანიშნებს მრავალი პრო-დემოკრატი ექსპერტი. მედია სივრცის სხვავდასხვა წარმომადგენელი, პრო დემოკრატი ექსპერტები და ანალიტიკოსები  სხვადასხვა კვლევითი ფონდებიდან. ასევე შეშფოთებით აღნიშნავენ, პოლიტიკური ოპონენტებთან, ტრამპის სულ უფრო მზარდ შეურიგებლიობას და მიუღებლობას, პასუხისმგებლობებისგან თავის არიდების, ბრალეულობის ოპონენტზებზე გადატანის ტენდენციის ზრდას.

ტრამპს , მისი პოპულარობის და საპრეზიდენტო არჩევნებში შანსების  შენარჩუნების მხრივ, ასევა გააჩნია პოტენციური კოზირი ნიკი ჰეილის ფიგურის სახით (აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, რომელმაც  ახლახანს, მოულოდნელად დატოვა თავისი პოსტი). ეგზიტპოლების თანახმად , ამ არჩევნებში გენდერული ნაპრალი კიდევ უფრო გაიზარდა,  კოლეჯდამთავრებული თეთრკანიანი ქალების 59% დემოკრატებს უჭერდა მხარს (ფერადკანიანი ქალების მხარდაჭერა, ლოგიკურია ბევრად მეტი იქნებოდა) ფაქტიურად, ტრამპი ქცეულია ფიგურად, რომელიც მიუღებელია  ქალების უმეტესობისათვის. გამომდინარე აქედან, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ნიკი ჰეილის ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურაზე წარდგენით, ტრამპს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს და დაბლა დასწიოს მის მომავალ საპრეზიდენტო შანსებზე ამ ფაქტორის ზემოქმედების სიმძიმე (მით უმეტეს ნიკი ჰეილი არის WOC (Women of Colour-პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება ყველა არათეთრკანიანი ქალის  მიმართ)) და ამით შეამციროს წნეხი და კრიტიკა, დაკავშირებული მის მიმღებლობასა და ტოლერანტობასთან სხვადასხვა „არათეთრი“ სოციალური ჯგუფების მიმართ (განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით).

თუმცა დემოკრატები, მაინც უფრო ოპტიმისტურ ნოტაზე არიან განწყობილენი  და აღნიშნავენ, რომ ეს არჩევნები დემოკრატთათვის, მაინც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელიც პერსპექტივაში დაასუსტებს ტრამპს და მის გუნდს. ისინი განაკუთრებით ყურადღებას აქცევენ სენატის არჩევნებში დემოკრატების მიერ „ტრიფექტას“ (მიჩიგანი, ვისკონსინი, პენსილვანია) მოგებას,  მიუთითებენ რა რომ, ეს შედეგი, ამ შტატებში  მომავალი საპრეზიდენტო არჩევბამდე, რესპუბლიკური პარტიის აპარატის შესუსტებას გამოიწვევს და  გაზრდის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის მოგების შანსებს, ხოლო ეს სამი შტატი დამატებული ყველა იმას, რომლებიც ჰილარიმ წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მოიგო, ნიშნავს დემოკრატი კანდიდატის უპირობო გამარჯვებას.

როგორც ვხედავთ,  არსებულმა არჩევნებმა, კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩინა,გენდერული-სოციალური-ეკონომიკური-გეოგრაფიულ-პოლიტიკური,  ნიშნით განწყობების, მოლოდინების და ინტერსების  პოლარიზება საზოგადოებაში,  კიდევ უფრო „გააწითლა“ რესპუბლიკელთა მხარდამჭერები და კიდევ უფრო „გაალურჯა“ დემოკრატთა მომხრეები, კონგრესიც  მკვეთრად და დაპირისპირებულად ორპარტიული გახადა, ხოლო ტრამპის უკომპრომისო, მკვეთრი, ხისტი პოლიტიკური კურსის და  განცხადებების ფონზე, ეს ნაპრალი და დაპირისპირების დუღილის ტემპერატურა, კიდევ მეტად გაღრმავების და ზრდის პოტენციალს აანონსებს. მეორეს მხრივ, კონგრესში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის თუ მოხერხდება კომპრომისების პრინციპებზე აგებული ურთიერთობების და ურთიერთმქმედებების წარმოება (რაშიც  ორივე მხარეს ეჭვი ეპარება) ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება, დაბალანსებისა და შეკავების პრინციპებზე  აგებული პროცესების წარმართვასა და განხორიცელებას, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

 

გიორგი მეძმარიაშვილი

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s