ტრამპის საგარეო პოლიტიკა

trump_world_map_4

ტრამპის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების მთავარი მახასიათებელი მისი  იმპროვიზაციულობა და პროგნოზირების სიძნელეა.

ობამას საგარეო პოლიტიკის, ასე ვთქვათ ფრთხილი, შიგადაშიგ რბილი, მწვავე  კონფრონტაციების მაქსიმალურად აცილების და პრევენციისკენ მიმართული ხასიათი,  შეიცვალა ტრამპის  აქტიური,  მჭექარე  და  ხმაურიანი ნაბიჯებით  ამერიკის საგარეო ურთიერთობების და აქტივობების  თითქმის ყველა  სფეროში.

  • მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მხრივ ობამას დანატოვარი გამოიყურებოდა შემდეგნაირად: რუსეთთან მწვავე, უშუალო კონფრონტაციის  მაქსიმალურად თავის არიდება (რამაც გარკვეულწილად გამოწივია რუსეთის აგრესიის და თავდაჯერებულობის მომატება, მის იმპერიალისტურ ზრახვებასა და მათ რეალიზებაში, ყველაზე ცხადად და შემზარავად კი უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპაციასა და ყირიმის უკანონო მიტაცებაში);
  • სირიაში არათანმიმდევრული მერყევი პოლიტიკა, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ერთის მხრივ, ამ კონფლიქტისგან ამერიკის ნელ- ნელა დისტანცირება სამხედრო თალსაზრისით, ხოლო მეორეს მხრივ, ამერიკის უშუალო მონაწილეობის ირიბი სახით გაძლიერება (ასადის ოპოზიციური ძალების შეიარაღება და ორგანიზება), რამაც  საბოლოო ჯამში, მწვავე უკუეფექტი მოგვცა ამ რეგიონში: ხელი შეუწყო ოპოზიციური  ძალების დეზორგანიზებას, ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებას.
  • იგივე სახის (მწვავე კონფლიქტური მარყუჟიდან აშშ-ს ნელ-ნელა გამოსვლა) პოლიტიკა გატარდა ავღანეთთან მიმართებითაც, მოხდა  ამერიკული გავლენების შესუსტება ერაყში, რამაც თავის მხრივ ახლო აღმოსავლეთში  ირანული და რუსული პოლიტიკური ინტერესების, გავლენების გაძლიერებას შეუწყო ხელი;
  • ერგთვარი ემანსიპაციის მცდელობა კუბასთან მიმართებით და პირველი ნაბიჯები გადადგმული იქითკენ, რომ ნახევარი საუკუნის განმავლობაში აშშ პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრციდან გარიყულ ქვეყანას, ნელ-ნელა მოეშორებინა ეს სტატუსი და ასე თუ ისე, შექმნილიყო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების რაღაც სახის კომფორტული ზონა აშშ-სთან. ასევე, „გარიყულ“ ვენესუელასთან კავშირების ნორმალიზების მცდელობა.

საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ამან, ამერიკის, როგორც დომინანტი და  წარმმართველი აქტიური საგარეო პოლიტიკური აქტორის და ახლო აღმოსავლეთსა თუ რუსეთთან მიმართებით, ევროატლანტიკური სივრცის მთავარი პოლიტიკური დირიჟორის როლი შეასუსტა, რითაც როგორც ზევით ვახსენეთ ხელი შეეწყო, როგორც რუსეთის, ისე ირანის პოლიტიკური  ინტენსივობის გააქტიურებასა და მომძლავრებას. თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია ის უმთავრესი ფაქტორიც, რომელმაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ობამას ამ სახის პოლიტიკური კურსი – უმცროსი ბუშის შედეგად დატოვებული უამრავი ბოლომდე გადაუჭრელი და მათ ფონზე სოკოებივით წარმომქნილი პრობლემა. ახალ-ახალი მწვავე კონფლიქტური სიტუაციები ახლო აღმოსავლეთში, ომისგან და ტერორიზმისგან შეშინებულ-გაღიზიანებული, დაღლილი ამერიკის მოქალაქეები, აშშ-ს, როგორც თვითნება (საერთაშორისო  საზოგადოებისა და განსაკუთრებით ევროპელი პარტნიორების თვალში),  მოქმედი აქტორის შერყეული ავტორიტეტი, რომელიც მსოფლიოს  დემოკრატიზირებისა და მშვიდობის დამამყარებელი მთავარი მსაჯულისა და აღმასრულებლის იმიჯის ნაცვლად, ნელ- ნელა იმკვიდრებდა ხისტი და ახალ- ახალი მწვავე კონფლიქტების მომტან სუბიექტის როლს ახლო აღმოსავლეთში.

ტრამპის  მხრიდან ამ დანატოვარზე რეაქცია და მისი შემდგომი პოლიტიკური ქმედებანი ასე გამოიყურება:

  • ნატოს წევრ ქვეყნებთან ხისტი და მამხილებელი პოლიტიკის წარმოება:  მოთხოვნა, რომ მათი მხრიდან გაზრდილიყო ორგანიზაციის ბიუჯეტში  ფინანსური წილი, გარკვეულ დონეზე მაინც გათანაბრებულიყო წევრი ქვეყნების წვლილი ამ მხრივ, რადგან აშშ აღარ აპირებს უმთავრეს დონორად ყოფნას, რომლისგანაც გაღებული სახსრსები და რესურსები უმთავრესი შემადგენელია ნატოსათვის, რომელიც ძირითადად მიმართულია ევროპულ უსაფრთხოებაზე. პრეტენზიები გაცხადებული იყო განსაკუთრებით კონტინენტური ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი  და უმძლავრესი ეკონომიკის მქონე გერმანიის მიმართ,  რომელიც უშუალო  ენერგო-ეკონომიკურ კავშირებშია რუსეთთან და მჭიდროდაა გადაბმული მასზე ენერგოპოლიტიკისა და ეკონომიკის მხრივ. აქ ტრამპმა სახალხოდ  განუცხადა და მიანიშნა გერმანულ მხარეს ორმაგ სტანდარტებზე. ფაქტია,  რომ ეს პოლიტიკა ერთი მხრივ. ასახავს რეალურ პოლიტიკურ-ეკომომიკურ მდგომარეობას და მის წინააღმდეგობრივ კრიზისულ ხასიათს  ევროპის  რეგიონში, ასრულებს ერთგვარი გამომაფხიზლებელი ცივი შხაპის, ახალი პოლიტიკური რეალიებისადმი თვალის გასწორების, ბიძგის ფუნქციას (რათა მოხდეს გერმანია-რუსეთის და ზოგადად ევროკავშირში არსებული დე-ფაქტო რეალიების მიმართ ნათელი, პრინციპული პოზიციების ჩამოყალიბება) მეორეს მხრივ, ნატოს უმთავრესი ბურჯი  აქტორის, აშშ-ს მხრიდან, მისი უმაღლესი მთავარსარდლისა  და პრეზიდენტის  დონეზე გაჟღერებული ეს  მხილება და ამით  დაძაბული  კონფროტაციული გარემოს შექმნა ნატოს წევრებს შორის, აღვივებს  ევროსკეპტიკურ განწყობებს, ახდენს  სიმტკიცისა და ევრო-ერთიანობის  განცდის დასუსტებას, იწვევს შიდა ორგანიზაციული  დაძაბულობის, გათიშულობის და წინააღმდეგობების წარმოქმნას და შესაბამის განცდას    საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, რაც  უშუალოდ რუსულ საგარეო პოლიტიკურ ინტერსებზე ასხამს  წყალს. როგორც ვხედავთ აქ ყველაზე ნათლად  ჩანს ის წინააღმდეგობები და ამბივალენტურობა, რაც ტრამპის  საგარეო პოლიტიკის წარმოების თანმდევი მახასიათებელია;
  • სირიასთან მიმართებით, ტრამპი ერთი მხრივ ასადის რეჟიმისა და მისი მოკავშირე რუსების აეროდრომების ბომბავს, მეორე მხრივ ირკვევა, რომ ეს დაბომბმვა განხორიცელებული იყო ისეთ ადგილებში, სადაც რუსულ-სირიულ სამხედრო თვითმფრინავებს ვერავითარ არსებით ზიანს ვერ მოუტანდა. უფრო მეტიც, გააღიზიანებდა მათ და კიდევ უფრო მეტად  შეუწყობდა ხელს მათი მხრიდან საკუთარი პოლიტიკის აგრესიულ და მობილურ გატარებას. აქაც საკმაოდ წინააღმდეგობრივი და არაერთგვაროვანი მიმართებები იკვეთება;
  • ჩრ. კორეასთან ატომური შეიარაღების სიმძლავრეების დატოლება და  გაყინული, ერთ ადგილას გაშეშებული სტასტუს-კვოს ადგილიდან დაძვრა აქტიური პოლიტიკურ-რიტორიკული განცხადებებით და შემდგომ, უკვე სამხედრო გამაფრთხილებელი მობილიზებით. ამ მხრივ, ვითარება ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდებული, თუმცაღა აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეს ველი, ასე თუ ისე გამოვიდა სტატიკური მდგომარეობიდან და გააქტიურებულია, თუმცა შორს მიმავალი პროგნოზების გაკეთება აქაც რთულია და გამოცანად რჩება;
  • ტრამპის ყველაზე რეზონანსული და ამჯერად უკვე რიტორიკის სფეროდან სრულიად რეალურ პოლიტიკურ სიბრტყეზე გადასული საგარეო   აქტივობები ირანთან ბირთვული ხელშეკრულების გაუქმება და  სანქციების რეჟიმის კვლავ დაბრუნება. ასევე, ისრაელში ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანა და ამით იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება. ცხადზე ცხადია, რომ ეს ორი ნაბიჯი ერთმანეთს ლოგიკურად ავსებს (რაც იშვიათია ტრამპის შემთხვევაში) და ირანულ კვანძში აშკარად  ანტიირანულ და მკვეთრად პროისრაელურ დამოკიდებულებას მანიფესტირებს (ტრამპი გაკიცხვის ობიექტი იყო ისრაელის მიმართ ობამას უგულისყურო და ინდიფერენტული დამოკიდებულება) ნატოს შიდა პოლიტიკასთან და დაფინანსებასთან ერთად, სწორედ ამ საკითხმა  გამოიწვია ყველაზე დიდი რეზონანსი ევროპულ სახელმწიფოებში. ასეთი  ცალსახა გადაწყვეტა და ხისტი მიმართება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტისადმი,  რომელიც  ნახევარ საუკუნეზე მეტია რჩება ურთულეს, ღრმად კომპლექსურ და საფრთხილო ქეისად, როგორც ევროკავშირის. ისე ახლოაღმოსავლეთის რეგიონისათვის, საერთაშორისო საზოგადოების, გავლენიანი ევროპული აქტორების (როგოც სახელმწიფოებრივ, ასევე გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტების, ორგანიზაციების) მხრიდან  მიჩნეულ იქნა, როგორც არა კონფლიქტების დარეგულირებისაკენ, არამედ მისი უფრო გამწვავების, გაუარესებისა  და კონფრონტაციისკენ  მიმართულ ქმედებად. ბუნებრივია, ამით რუსებსაც მიეცათ საბაბი, რომ ირანთან ერთად კიდევ უფრო მეტად დაეგმოთ  და დესტრუქციულად შეეფასებინათ ეს მოვლენა, თუმცა მეორე მხრივ, საკითხის ასეთი გადაწყვეტის გამამართლებელი ლოგიკური ბაზისიც არსებობს, კონფლიქტი, რომელიც წლობის განმავლობაშია გაყინული, რომელიც განგრძობითად  და დროში გაწელილად თითქმის ყოველდღე იწირავს  უამრავ ადამიანს, აშკარად საჭიროებს ისეთ გადაწყვეტას, რომელიც  თუნდაც გარკვეული დიდი გარდაუვალი ჯახის შემდგომ, სამომავლოდ   მისცეს მას ისეთი სახის მყარ, გარკვეულ სტატუსს, რომ უკვე დეკადების განმავლობაში გაჭიანურებული პარტიზანული სახის გაწელილი სისხლისღვრა, საომარი ვითარება აღიკვეთება და რეგიონს სიმშვიდე ეღირსება. თუმცაღა ტრამპის ეს გადაწყვეტილება მიგვიყვანს თუ არა ასეთ მდგომარეობამდე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დამოკიდებულია ტრამპის თანმიმდევრულობაზე, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდგომ,  ამ მხრივ არსებული პოლიტიკური გეზის შენარჩუნება/შეცვლაზე და თავად ისრაელი -ირანის  დაპირისპირების ტიპსა და მისგან გამომდინარე შდეგებზე. როგორც გაეროში აშშ-ს აწ უკვე ყოფილმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილმა განაცხადა: “მათი ქმედება ეყრდნობა იმ ფაქტს, რაც უკვე ყველასათვის ცხადია, რომ იერუსალიმი ისრაელის დე-ფაქტო დედაქალაქია, რადგან პარლამენტი, უზენაესი სასამართლო და პრემიერ მინისტრის სამყოფელი-იერუსალიმშია”. თავად აშშ-იც საზოგადოება მკვეთრად პოლარიზდა ამ საკითხის ირგვლივ. CNN-ის მიერ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 45% არ ეთანხმებოდა  ხოლო 44% მხარს უჭერდა ტრამპის ამ გაადწყვეტილებას.

ცალკე  საკითხია  ტრამპის  საერთაშორისო და რეგიონალური თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების და კავშირებისგან  გასვლაზე მიმართული პოლიტიკა, რომელსაც ის ამართლებს ამერიკული წარმოების  კონკურენტნარიანობის და მოცულობის, დასაქმებულ მოქალაქეთა მაჩვენებლის   გაზრდით აშშ-ს ბაზარზე და უცხოური სერვისების თუ საქონლის მიერ აშშ-ისეროვნული ბაზრის  შევიწროების მიმართ პრევენციით. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩინეთთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯებია, ტრამპმა ხელი მოაწერა ჩინეთის წინააღმდეგ კომპლექსური სავაჭრო ზომების მიღების შესახებ ბრძანებას, რომლითაც ტარიფები წესდება მთელ რიგ ჩინურ საქონელზე, რომელთა ბრუნვა 60  მილიარდ დოლარზე მეტია, ასევე  მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ჩინურ ინვესტიციებზეც.

რაც შეეხება უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებას, აქ ტრამპის აშშ ტრადიციულ ხაზს აგრძელებს, აცხადებს რა აშშ-ის სრულ მხარდაჭერას ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი. მეტიც, კონგრესმა მიიღო ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის მთავრობასა და ევროპელ მოკავშირეებს, ასევე გაეროსა და აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განაგრძონ რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

ტრამპის საგარეო პოლიტიკური ვექტორების და ძალისხმევის ზემორე  მოკლე მიმოხილვიდან იკვეთება შემდეგი:

1. ტრამპა  ფაქტიურად შეანჯღრია და მოძრაობაში მომყვანი იმპულსი მისცა აშშ-ს  საგარეო პოლიტიკის და ეკონიმიკის ბოლო დეკადების განმავლობაში, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად ტრადიციული ხაზით მიმავალ სფეროებს და  ურთიერთობებს (მათი ხელახლა გადაწყობის და ახალ რეალიებთან შესაბამისობის მიზნით, რეალიებთან რომლებთანაც მიდგომის ძირეულ პრინციპად მან „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გამოაცხადა);

2. ზემოხსენებული პოლიტიკის  სამომავლო შედეგები ჯერაც ჰაერშია გამოკიდებული, ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია, რადგან ზემოხსენებულმა ქმედებებმა ფაქტიურად ახალი სახის, ტიპისა და პერსპექტივისკენ მიმართეს აშშ-ის საგარეო პლიტიკა ახლო აღმოსალეთის, ისრაელის, ჩინეთის, მისი ევროპელი პარტნიორების –  ნატოს  და ა.შ. მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ რეგიონებში და სახელმწიფოებში სახეზეა  დიადი გარდატეხის და მნიშვნელოვანი პოლიტ-ეკონომიკური გამოწვევების  ხანა;

3. თავად აშშ-ში და ევროპის დონეზეც, როგორც სახელისუფლებო, ასევე საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო კუთხით, მისი ეს გადაწყვეტილებები აღიქმება, როგორც საკმაო რისკის შემცველი და ბუნდოვანი  მომავლის მქონე, საერთაშორისო სტაბილურობისა და წესრიგის შენარჩუნების მხრივ;

4. თუ გავითვალისწინებთ ტრამპის  ქმედებების არაორდინალურობას, სითამამეს და იმპროვიზაციულობას, ამან შესაძლოა, საერთაშორისო  პოლიტიკურ არენაზე უკვე არსებული ქაოტური და მოულოდნელობებით სავსე ვითარების ხარისხი აამაღლოს;

5. ფაქტია, რომ როგორც დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, ასევე უკვე მტკიცედ მოგვარებისათვის მომწიფებულ ახლოაღმოსავლურ კონფლიქტებთან, ევროპა-რუსეთის ურთიერთობების არაერთგვაროვნებასთან, ნატოს ორაგნიზებასთან, ევროკავშირში არსებული ეკონომიკურ-პოლიტიკურ და მიგრაციულ პრობლემებთან დაკავშირებული  კრიზისული ვითარებები ითხოვს გამოსავალს, გადაწყვეტას და არსებული ჩიხიდან გამომდინარე, აქტიურ, კომპლექსურ და ახალი გზებით გადაწყვეტას. აქედან გამომდინარე ტრამპის ლოგიკა – მოიყვანოს მოძრაობაში ყოველივე ეს, ძველი, უკვე ჩიხში და გაწელილ-დამაძაბუნებელ, თვითდესრტუქციულ მდგომარეობაში შესული პოლიტიკური კვანძებიდან ეძებოს გამოსავალი, გააკეთოს ეს მძლავრი, ხისტი, მეტ-წილად შოკური თერაპიის მსგავსი  ნაბიჯებით და ამით კიდევ ერთხელ ნათლად ასახოს მსოფლიოს წინაშე, არსებული მდგომარეობის კრიზისულობა და გამოსავლის ძიების აუცილებლობა-სრულიად გამართლებულია, თუმცაღა თავად მისეული განხორციელების  გზები, მისი ფუნდამენტურობა და სიმყარე, მისი რელევანტურობა, ადექვატურობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამას ამძაფრებს ისიც რომ არცთუ იშვიათად მისი აქტივობისათვის დამახასითებელ დისკურსს, ხშირად თან სდევს არა იმდენად შორს გათვლილი რეალური შედეგებისადმი  ყურადღებისა და ძალისხმევის კონცენტრაცია, არამედ  პოპულისტურ-რიტორიკული ელფერი და ფუნქცია, რაც კიდევ უფრო  ბუნდოვანს ხდის ასეთი ნაბიჯების შემდგომ რეზულტატს;

6. შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის აშშ გადადის რელსებზე, რომელიც აწარმოებს ვითარებას, რომელშიც სულ უფრო მზარდია აშშ-ის, როგორც მსოფლიო დემოკრატის, მშვიდობისმყოფელის და ზოგადად, მსოფლიო არენაზე მთავარი დომინანტური ძალისა და ფიგურის შესუსტება, რიგი ევროპელი პარტნიორებისგან მის მიმართ ნდობის ხარისხის შემცირება, ამავდროულად კი  გააქტიურება, როგორც ნეორეალისტური პრინციპებით მოქმედი სახელმწიფოსი, რომლისთვისაც მისი უმთავრესი პარტნიორი მხოლოდ თავისვე თავია და რომელიც ორიენტიებულია აწარმოოს საგარეო პოლიტიკა მხოლოდ საკუთარ სახელმწიფო ინტერესების მკვეთრი ხაზგასმით.

აქვს თუ არა გაგრძელების და  განვითარების დიდი პოტენციალი ამ კურსს, ეს ბუნდოვანია, თუმცაღა ის რომ ევროატლანტიკური სივრცე საჭიროებს ერთიანობას ეს უკვე ტრამპის ადმინისტრაციაშიც კარგად იგრძნობა, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა განაცხადა: “დასავლეთის ერთიანობის პრინციპი (რომელსაც ასეთი რანგის ჩინოვნიკმა აშშ-ში პირველად მიაკუთვნა საქართველო და უკრაინა) ხელახლა უნდა გაიხსნას და ჩამოყალიბდეს”. დასავლური ლიდერობის და ერთიანობის ფენომენი კვლავ უნდა აღსდგეს და მოხდეს ამისათვის აუცილებელი ადაპტაცია დღევანდელი ახალი ტიპის გამოწვევებთან მიმართებით (ჰიბრიდული ომები, ერი-სახელმწიფოს დასუსტება, ტრანსანაციონალური, კორპორაციული და ეკონომიკური ქსელების მოძლავრების და გაფართოების ხარჯზე).

 

გიორგი მეძმარიაშვილი

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s