“Severna Makedonija” – ახალი ბალკანური რეალობა

sobranje-makedonija-ajb-main_8

მაკედონიის პარლამენტმა 2018 წლის 12 ივნისს საბერძნეთთან სახელწოდებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, რითაც ოფიციალურ ათენთან თითქმის 30-წლიანი დავა დაასრულა. შედეგად, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონია (Severna Makedonija) იქნება.

სკოპიეს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 120 წევრისგან შედგება 80-მა დეპუტატმა, ანუ ორმა მესამედმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭირა. შედეგად, ათენი სკოპიეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ ვეტოს გამოითხოვს. პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის განცხადებით, მაკედონიის ახალი სახელწოდება ნათლად განასხვავებს საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასა და მაკედონიის რესპუბლიკას.
„ეს ისტორიული დღეა. მაკედონია გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი ოცნება-ხედვები უკეთეს ქვეყანაში ასრულდება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მიღწეულ შედეგს საკუთარ „თვითერის“ გვერდზე გამოეხმაურა – „ვულოცავ ჩემს მეგობარ ზორან ზაევს. საკონსტიტუციო ცვლილება არის საერთო წარმატება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ხალხის მშვიდობიანი და უკეთესი მომავლისკენ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრების, ზორან ზაევსა და ალექსის ციპრასს შორის მიღწეული შეთანხმება არამხოლოდ ორი ქვეყნისთვისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ გეოპოლიტიკური ასპექტით სრულიად ბალკანეთის რეგიონის სტაბილურობასა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

30 სექტემბერს მაკედონიაში ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა ამომრჩეველთა 50 პროცენტიანი აქტივობა ვერ მოიპოვა და ჩაშლილად გამოცხადდა. რეფერენდუმს თან ახლდა მთავარი ოპოზიციური პარტიის VMRO-DPMNE და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისგან რეფერენდუმის ბოიკოტი. ამავდროულად, რუსეთი აქტიურად მიმართავდა დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდისტულ აქტივობებს.
ჩრდილოეთ მაკედონიის სახელწოდების ცვლილებამ იურიდიული ძალა პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ მოიპოვა. იურიდული პროცედურების ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო და საკონსტიტუციო ცვლილების სრულყოფისთვის რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, კერძოდ:

  1. მთავრობა მოამზადებს საკონსტიტუციო ცვლილების სამუშაო ვერსიას და წარუდგენს პარლამენტს კიდევ ერთი კენჭისყრისთვის, რომელსაც ამჯერად მხოლოდ დეპუტატთა უმრავლესობის (51%) მხარდაჭერა იქნება საკმარისი;
  2. საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერის შემთხვევაში გადაწყვეტილება საჯარო განხილვის ეტაპზე გადავა;
  3. პარლამენტი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ კენჭს უყრის ინიციატივას, რომელსაც კვლავ ორი მესამედი მხარდაჭერა დასჭირდება.

საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურები 2019 წლის იანვარში დასრულდება, ხოლო საბოლოო სახეს კი მარტში, საბერძნეთის პარლამენტის რატიფიცირების შემდეგ მიიღებს. საბერძნეთის პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირება შესაძლოა გართულდეს, ვინაიდან მთავარი ოპოზიციური ძალა – „ახალი დემოკრატია“ შეთანხმებას მხარს არ უჭერს. ბერძენი ხალხისთვის მაკედონიური ცივილიზაცია და მისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ეროვნული იდენტობისა და სიამაყის ნაწილია. შესაბამისად, საბერძნეთის მმართველი პარტიის მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია მის პოზიციას სავარაუდოდ არ გადაუხვევს. ამავდროულად, საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ულტრა-მემარჯვენე პარტიის „დამოუკიდებელი ბერძნების“ ლიდერია, ხისტ პოზიციას აფიქსირებს შეთანხმების თაობაზე და პარლამენტის მიერ მაკედონიის რეფერენდუმის რატიფიცირების შემთხვევაში,  თანამდებობიდან გადადგომას აანონსებს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთსა და FYROM-ს (საერთაშორისო არენაზე 1993 წლიდან დროებით სახელწოდებას – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას იყენებს) შორის მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებული დავა 1991 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთმა სუბიექტმა „მაკედონიის რესპუბლიკის“ სახელით დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ახალი სახელმწიფოს დროშაზე უძველესი მაკედონიის სამეფოსა და მმართველი დინასტიის – არგეადების სიმბოლო – ვერგინას მზე გამოსახა.

მოლაპარაკებების დროს, განიხილებოდა ე.წ. ორმაგი სახელწოდების ფორმულაც (Double Name Formula), რომლის თანახმადაც, ქვეყნის შიგნით FYROM-ის დასახელება იქნებოდა მაკედონიის რესპუბლიკა (Republic of Macedonia), ხოლო საბერძნეთი და ყველა ის სახელმწიფო, რომელიც მას კონსტიტუციური სახელწოდებით არ აღიარებს, უწოდებდა მაკედონიის რესპუბლიკა სკოპიეს (Republic of Macedonia-Skopje). საბერძნეთი ორმაგი სახელწოდების ფორმულას მხარს არ უჭერდა და მოითხოვდა, რომ ოფიციალურ სკოპიეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე (erga omnes) ერთიდაიგივე სახელწოდება გამოეყენებინა.

 

თორნიკე ცირამუა

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s