მიგრაციული კრიზისი და ევროპის გაურკვეველი მომავალი

000e7957-800

ევროპაში მიგრაციული კრიზისის დაწყებიდან 3 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ბებერ კონტინენტს 2 მილიონზე მეტმა თავშესაფრის მაძიებელმა მიაშურა. ბრიუსელმა „ღია კარის“ პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. შედეგად, „ ევროპის კავშირის“ წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობამ ანტიიმიგრაციული კანონმდებლობის გამკაცრება მოითხოვა. ევროპაში დაწყებულ რადიკალურ მემარჯვენე მოძრაობას საფუძველი სწორედ მიგრაციულმა პრობლემებმა დაუდო. კრიზისის გამწვავებას ბებერ კონტინენტზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, რადიკალური მემარჯვენე ანტიიმიგრაციული პოლიტიკური ძალების გაძლიერება მოჰყვა. რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროპაში პოპულარობას ისეთი პარტიები მოიპოვებდნენ, როგორებიცაა: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), ჰოლანდიური „თავისუფლების პარტია“ (PVV), „შვედი დემოკრატები“ (SD) , იტალიური „ჩრდილოეთის ლიგა“ (LN) და ა.შ.

მიგრაციულ საფრთხეებს „ევროპის კავშირის“ წევრი სახელმწიფოები განსხვავებულად აღიქვამენ. სწორედ ამან განაპირობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პარადიგმის მქონე ორი ბანაკის ჩამოყალიბება. გერმანია და საფრანგეთი პროგრესულ ჯგუფს ხელმძღვანელობენ. მერკელსა და მაკრონს მიაჩნიათ, რომ იმიგრაციული კანონის გამკაცრება ძირეული ევროპული ღირებულებების ღალატი იქნება. სახელმწიფოთა მეორე ნაწილი არსებული კანონმდებლობის ძირეულ ცვლილებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტ ჩართულობას მოითხოვს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საზღვრებთან ხელოვნური ბარიერები ააგო, რათა ქვეყანა არალეგალური მიგრაციისგან დაეცვა. პოლონეთი კრიზისის დაწყების დღიდან, „ღია კარის“ პოლიტიკის სკეპტიკოსია. ანტიიმიგრაციულ კლუბს სულ ცოტა ხნის წინ იტალიაც შეუერთდა. მარტის საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. რადიკალურმა მემარჯვენე „ჩრდილოეთის ლიგამ“ და ანტი-ისთებლიშმენთურმა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოახერხეს. ახალმა კაბინეტმა ბრიუსელზე წნეხის გაზრდა გადაწყვიტა. გასული თვეების მანძილზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ, მიგრანტებით სავსე რამდენიმე გემი იტალიური პორტებიდან გააბრუნა. ასეთმა არაერთგვაროვანმა გადაწყვეტილებამ „ევროპის კავშირს“ რეფორმების საჭიროება დაანახა. 2018 წლის ივნისში გამართულ შეხვედრაზე იტალიამ ბრიუსელს სამართლიანი იმიგრაციული კანონის შექმნა მოსთხოვა. რომი მიიჩნევს, რომ დუბლინის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა და დროა ევროპამ ახალი, მიგრანტთა სამართლიან რედისტრიბუციაზე დამყარებული სისტემის კონცეფცია შეიმუშაოს. დუბლინის ხელშეკრულების მიხედვით, მიგრანტმა თავშესაფრის თხოვნით შენგენის ზონის იმ ქვეყანას უნდა მიმართოს, რომლის ტერიტორიაზეც პირველად დაადგამს ფეხს. იტალიელთა პათოსის გასაგებად რუკაზე ერთი დახედვაც კი საკმარისია. მარტივი გეოგრაფიული რეალობიდან გამომდინარე, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მომავალი მიგრანტთა ნაკადი ძირითადად იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში შედიან. თუმცა, ამ ქვეყნებში შესვლისთანავე, მათი დიდი ნაწილი ეკონომიკურად უფრო განვითარებული ჩრდილოეთისკენ იღებს გეზს.

„ევროპის კავშირში“ ყველა თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა მიგრანტთა შეკავება, თუმცა, კონკრეტულად რა გზებით, ამაზე ექსპერტები ერთმნიშვნელოვან პასუხს არ იძლევიან. ივნისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე საინტერესო იდეა გააჟღერეს, რომელიც ევროპას კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი:

„ევროპის კავშირმა“ მიგრანტების რედისტრიბუციის უფრო ეფექტური გეგმა უნდა შეიმუშაოს – ბრიუსელსა და ანკარას შორის გაზრდილი უთანხმოების ფონზე, რთულად სავარაუდოა, რომ ევროპული გაერთიანება თურქეთთან დადებული შეთანხმებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებს. ბრიუსელმა ანკარას ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი საიმიგრაციო ნაკადის შეკავებისთვის 6 მილიარდი ევრო გადაუხადა. შეთანხმების ფარგლებში, ქვეყანამ 3 მილიონი სირიელი მიგრანტი მიიღო. თუმცა, წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შედეგად დაწყებულმა რეპრესიებმა თურქულ-ევროპული ურთიერთობები მკვეთრად გააუარესა და თურქეთის ევროპული ინტეგრაციის შანსები კიდევ უფრო შეამცირა. მიგრანტთა შესაკავებლად, ევროპის კავშირმა მსგავსი ბუფერული ზონები უნდა შექმნას. ამგვარი შეთანხმებით ორივე მხარე იხეირებს. შენგენის ზონაში ნაკლები მიგრანტი შემოვა, ეს ქვეყნები კი მილიარდობით ევროს მიიღებენ. ასეთ ბუფერულ ზონებად იორდანია, ეგვიპტე, ალჟირი და ლიბია მოიაზრებიან.

„ევროპის კავშირმა“ ქვოტური სისტემა უნდა შექმნას – ევროპული გაერთიანების წევრი სახელმწიფოები ფიქრობენ, რომ არსებული სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს. ერთ-ერთ შესაძლო ალტერნატივად ქვეყნებს ქვოტური სისტემის შემოღება მიაჩნიათ. ეს სახელმწიფოთა შორის მიგრანტების მეტ-ნაკლებად სამართლიან გადანაწილებას შეუწყობს ხელს. ქვოტები, სავარაუდოდ მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად განაწილდება. ამ შემთხვევაში დიდი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოებს (გერმანია, საფრანგეთი და იტალია) პასუხისმგებლობის თითქმის მთლიანად საკუთარ თავზე აღება მოუწევთ. ეს კი მათ ინტერესებში ნაკლებად შედის.

„ევროპის კავშირმა“ აფრიკაში ინვესტირება უნდა დაიწყოს – მიგრაციული პრობლემის სათავე აფრიკული სახელმწიფოების რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ისინი უკეთესი საცხოვრებელი პირობების საძებრად ევროპაში დამკვიდრებას ცდილობენ. ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, აფრიკაში ინვესტირება სახელმწიფოთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას დააჩქარებს. შედეგად, კონტინენტზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება და მოსახლეობის საბაზისო მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. თუმცა, ამ თეორიის კრიტიკოსები ყურადღებას თანმდევ პრობლემებზე ამახვილებენ. პროცესი დროში გაიწელება, რაც კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. ყველა თანხმდება, რომ აფრიკული „მარშალის გეგმის“ შემუშავება მორალურად და პრაგმატულად მართებული ინიციატივაა, თუმცა, სარგებელი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ხელშესახები. ევროპას კი ამდენი დრო არ აქვს.

„ევროპის კავშირის“ ქვეყნებმა შიდა საზღვრების კონტროლი უნდა გაამკაცრონ – შენგენის ზონას ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე კვეთს. ბოლო ხანებში განსაკუთრებით გართულდა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლების „ეკონომიკური მიგრანტებისგან“ გარჩევა. სახელმწიფოთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ევროპული გაერთიანება ზედმეტ ყურადღებას აქცევს გარე საზღვრების კონტროლს. მათი აზრით, პრობლემა უკეთ გადაიჭრება, თუ სახელმწიფოთა ფოკუსში მათი ეროვნული საზღვრები მოექცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ეკონომიკური მიგრანტების“ რაოდენობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

აშკარაა, რომ საიმიგრაციო კრიზისი „ევროპის კავშირის“ არსებობას დიდ საფრთხეს უქმნის. ზოგიერთი ავტორიტეტული გამოცემა ევროპული პროექტის დასასრულის დასაწყისზე მიუთითებს. თუმცა, გაერთიანების ისტორია ცხადყოფს, რომ თითოეული კრიზისიდან ბრიუსელი უფრო მეტად გაძლიერებული გამოდიოდა. რთული სათქმელია, პრობლემის გადასაჭრელად რომელი ზემოხსენებული მეთოდია უფრო ეფექტური. თუმცა, ერთი რამ ცხადია – დრო ევროპული გაერთიანების სასარგებლოდ არ მუშაობს.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s