საბერძნეთსა და FYROM-ს (საერთაშორისო არენაზე 1993 წლიდან დროებით სახელწოდებას – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას იყენებს) შორის მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებული დავა 1991 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთმა სუბიექტმა „მაკედონიის რესპუბლიკის“ სახელით დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ახალი სახელმწიფოს დროშაზე უძველესი მაკედონიის სამეფოსა და მმართველი დინასტიის – არგეადების სიმბოლო – ვერგინას მზე გამოსახა.
საბერძნეთი მეზობელი ქვეყნის მიერ სახელწოდება მაკედონიის გამოყენებას 1991 წლიდან ეწინააღმდეგება, რადგან – 1. მაკედონურ ცივილიზაციას საკუთარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად მიიჩნევს; 2. ოფიციალური ათენის აზრით, აღნიშნული დასახელება საბერძნეთის იმავე სახელწოდების მქონე ჩრდილოეთ რეგიონის – მაკედონიის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების საფუძველს შეიცავს.
1995 წელს, საბერძნეთსა და FYROM-ს შორის გაფორმდა დროებითი შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის მაკედონიის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაეროს შუამავლობით გაგრძელებას ითვალისწინებდა.
1999 წელს, ყოფილმა იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიამ NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) მიიღო, 2001 წელს ბალკანეთის ნახევარკუნძულის პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა, ამას გარდა, 2005 წლიდან წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს. თუმცა, სახელწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანებას ვერ ახერხებს.
წლების განმავლობაში, FYROM-ის სახელწოდებად სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის: ახალი მაკედონიის რესპუბლიკა, ზემო მაკედონიის რესპუბლიკა, მაკედონიის ზემო რესპუბლიკა, ვარდარ მაკედონიის რესპუბლიკა, მაკედონიის რესპუბლიკა-სკოპიე, ილინდენის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა და ა.შ.
მოლაპარაკებების დროს, განიხილებოდა ე.წ. ორმაგი სახელწოდების ფორმულაც (Double Name Formula), რომლის თანახმადაც, ქვეყნის შიგნით FYROM-ის დასახელება იქნებოდა მაკედონიის რესპუბლიკა (Republic of Macedonia), ხოლო საბერძნეთი და ყველა ის სახელმწიფო, რომელიც მას კონსტიტუციური სახელწოდებით არ აღიარებს, უწოდებდა მაკედონიის რესპუბლიკა სკოპიეს (Republic of Macedonia-Skopje). საბერძნეთი ორმაგი სახელწოდების ფორმულას მხარს არ უჭერდა და მოითხოვდა, რომ ოფიციალურ სკოპიეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე (erga omnes) ერთიდაიგივე სახელწოდება გამოეყენებინა.
ოფიციალური ათენისთვის მისაღები იყო გეოგრაფიული აღმნიშვნელის მქონე კომპოზიტი, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას საბერძნეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისგან მკვეთრად გამიჯნავდა და მომავალში არ გახდებოდა FYROM-ის მხრიდან საბერძნეთის იმავე სახელწოდების მქონე ჩრდილოეთ რეგიონის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი.
FYROM-ის მოქალაქეთა უმრავლესობა სახელწოდებიდან ტერმინ მაკედონიის ამოღებას ეწინააღმდეგება, ამავდროულად, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის ქვეყნის დასახელებაში მაკედონიის გამოყენება მიუღებელია. ამას გარდა, ეთნიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, FYROM-ის მთავრობას მაქსიმალურად უნდა გაეთვალისწინებინა ალბანელების აზრი, რომლებიც FYROM-ის მოსახლეობის 25%-ს შეადგენენ და სლავური იდენტობა არ გააჩნიათ. მათთვის დამამცირებელი იქნებოდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომლის სახელწოდებაც მხოლოდ სლავურ ელემენტს შეიცავს.
2006-2016 წლებში FYROM-ს ნაციონალისტური პოლიტიკური გაერთიანება – „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია — დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის – VMRO-DPMNE“ მართავდა, რომელიც სახელწოდების ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა. 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საბერძნეთის მიერ გამოყენებულმა ვეტომ, FYROM-ის ალიანსში მიწვევის გადაწვეტილებაზე, მმართველი პარტიის ნაციონალისტური რიტორიკა განსაკუთრებით წაახალისა. ამ პერიოდიდან ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
FYROM-ში 2015 წელს სკანდალური სატელეფონო ჩანაწერების გავრცელების შედეგად დაწყებული პოლიტიკური კრიზისი 2017 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელისუფლების სათავეში მოსვლით დასრულდა. ზორან ზაევის ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტს მეზობელ საბერძნეთთან დავის გადაწყვეტა წარმოადგენს. მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2018 წლის 12 ივნისს, საბერძნეთსა და FYROM-ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, FYROM-ის ახალი კონსტიტუციური სახელწოდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე (erga omnes), ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება.
ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, საბერძნეთი აღარ შეაფერხებს აღნიშნული ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
ზემოხსენებული ხელშეკრულება ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში რატიფიკაციას და FYROM-ის მიერ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას საჭიროებს.
30 სექტემბერს, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის მთავრობამ ქვეყნის კონსტიტუციური სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის რეფერენდუმი გამართა. საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობა 666,743-მა ადამიანმა (აქტივობა – 36,91%) მიიღო და შეკითხვაზე – „მხარს უჭერთ თუ არა მაკედონიის ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანებას საბერძნეთსა და მაკედონიას შორის გაფორმებული შეთანხმებით?“ ამომრჩეველთა 91,46%-მა (609, 813 ხმა) დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 5, 65%-მა (37,700) – უარყოფითი.
მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო რეფერენდუმის შედეგებს იურიდიული ძალა არ გააჩნია (იმისათვის რომ რეფერენდუმის შედეგები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, აქტივობა 50%-ს უნდა აღემატებოდეს).
სახელწოდების ცვლილების და შესაბამისად, 12 ივნისის შეთანხმების წინააღმდეგია მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება – VMRO-DPMNE და მოქმედი პრეზიდენტი გეორგე ივანოვი. VMRO-DPMNE-მ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა.
ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის საკანონმდებლო ორგანო 120 წევრისგან შედგება. საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტის წევრების 2/3-ის (80ხმა) მხარდაჭერა ესაჭიროება. საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი ყველა ალბანური პარტია შეთანხმების მომხრეა, თუმცა, სოციალ-დემოკრატიული პარტია და ალბანური პოლიტიკური გაერთიანებები ჯამში 71 მანდატს ფლობენ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმათა არასაკმარისი რაოდენობაა. თუ VMRO-DPMNE-ს მინიმუმ 9 დეპუტატი შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, მმართველმა პარტიამ შესაძლებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.
სავარაუდოდ 12 ივნისის შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი საბერძნეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოშიც გართულდება, რადგან – 1. მთავარი ოპოზიციური ძალა – „ახალი დემოკრატია -ND“ შეთანხმებას მხარს არ უჭერს; 2. FYROM-თან კომპრომისი პოლიტიკურად არამომგებიანი ნაბიჯია – საბერძნეთისთვის მაკედონიური ცივილიზაცია და მისი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენს, შესაბამისად მაკედონიის საკითხი საბერძნეთის პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიური თემაა. მეზობელი ქვეყნის მიერ სახელწოდება „მაკედონიის“ გამოყენება მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან დათმობაზე წასვლას და ამომრჩეველთა „განაწყენებას“ ყველა პოლიტიკური პარტია ერიდება. 2019 წელს საბერძნეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელშიც დიდი ალბათობით პარტია – „ახალი დემოკრატია“ გაიმარჯვებს. აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება FYROM-ის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებით 1990-იანი წლებიდან ხისტ პოზიციას აფიქსირებს, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში ამ საკითხზე რბილი პოზიციის გამოხატვით, პარტიის დღითიდღე მზარდ რეიტინგს საფრთხეს არ შეუქმნის. საბერძნეთის მოსახლეობა 10,7 მილიონ ადამიანს შეადგენს, აქედან 22% ცხოვრობს ჩრდილოეთ რეგიონში – მაკედონიაში, სადაც FYROM-ის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული დავა ყველაზე აქტუალურია. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან კომპრომისზე წასვლა, ხმების მინიმუმ 1/5-ის დაკარგვას ნიშნავს, რაც არცერთი პოლიტიკური გაერთიანების ინტერესებში არ შედის. პარტიის ლიდერი – კირიაკოს მიცოტაკისი ღიად აცხადებს, რომ „ახალი დემოკრატიის“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში 12 ივნისის ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოხდება.
რაც შეეხება FYROM-ს, მთავარი ოპოზიციური პარტია – VMRO-DPMNE პოლიტიკურად გაკოტრებული ძალაა. 2015 წელს სკანდალური სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, რამაც ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, VMRO-DPMNE-მ ამომრჩეველთა მხარდაჭერა დაკარგა. ერთადერთი საშუალება, რითიც აღნიშნულ პარტიას მოქალაქეთა კეთილგანწყობის მოპოვება შეუძლია, მაკედონიის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით ხისტი პოზიციის დაფიქსირებაა. აქედან გამომდინარე, VMRO-DPMNE მაქსიმალურად ეცდება ქვეყნის სახელწოდების ცვლილებას ხელი შეუშალოს.
ამავდრულად, მაკედონიის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა და ნატო-ს გაფართოება არ შედის რუსეთის ინტერესებში, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ხელშეწყობით რეგიონში გავლენის შენარჩუნებას ცდილობს. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს წინასარეფერენდუმო პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, იმისათვის რომ საყოველთაო გამოკითხვაზე აქტივობა დაბალი ყოფილიყო და შედეგებს იურიდიული ძალა არ ჰქონოდა, სოციალურ მედიაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელიც FYROM-ის მოქალაქეებს საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. ამას გარდა, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის გაშუქების პროექტი – OCCRP-ის ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული ივან სავიდისი რადიკალ ნაციონალისტებს ფინანსურად ეხმარებოდა და სახელწოდების ცვლილების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს ახალისებდა. 12 ივნისის შეთანხმების ჩაშლის მცდელობას უკავშირდება საბერძნეთის მიერ რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებაც.
თუ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია კონსტიტუციაში ცვლილების დროულად შეტანას ვერ მოახერხებს და პარალელურად საბერძნეთში შესაძლო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია – „ახალი დემოკრატია“ გაიმარჯვებს, არავინ იცის 12 ივნისის შეთანხმებას რა ბედი ელის.
30 სექტემბრის რეფერენდუმმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე აქამდე არსებობდა. საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობისგან თავის შეკავებით ამომრჩეველთა უმრავლესობამ, იმის ნაცვლად რომ ქვეყნის სახელწოდების ცვლილებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მტკიცე მხარდაჭერა დაეფიქსირებინა, გაურკვეველ მომავალს მისცა ხმა.
ხატია დავლიანიძე