ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი (NCSC) აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა (GRU) მიზანმიმართულ კიბერშეტევებს ახორციელებს სპორტულ ორგანიზაციებზე, პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ბიზნესზე მსოფლიო მასშტაბით. როგორც ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წლის აგვისტოში, შვეიცარიაში, საერთაშორისო ანტი-დოპინგურ სააგენტოზე მომხდარი კიბერშეტევის უკან ჰაკერული ჯგუფი “Fancy Bear” იდგა, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის მითითებით მოქმედებდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნული ფაქტები უარყო, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გევინ ვილიამსონმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს მსგავსი უგუნური აქტების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული კვალი შემდეგშიც იქნება საჯაროდ მხილებული, რაც მათ იზოლაციას საერთაშორისო დონეზე გამოიწვევს. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე მომხდარი კიბერშეტევის პასუხისმგებლობა „BadRabbit“-ს ეკისრება, რომელიც ასევე რუსეთის სამხედრო დაზვერვის კონტროლქვეშ მოქმედი ჰაკერული დაჯგუფებაა. რუსულ სპეცსამსახურთან ასოცირდებიან ისეთი ჰაკერული ორგანიზაციებიც, როგორებიც Sofacy, Sednit, CyberCaliphate, Cyber Berkut, APT 28, Voodoo Bear, BlackEnergy Actors და Pawnstorm არიან.
აღნიშნულ საკითხზე ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ჯერემი ჰანტმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ჩვენი გზავნილი ნათელია, მოკავშირეებთან ერთად ჩვენ მომავალშიც ვამხელთ და სათანადოდ ვუპასუხებთ (GRU)-ს მხდელობებს შეარყიოს საერთაშორისო სტაბილურობა“.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კიბერთავდასხმებში რუსული კვალი იკვეთება. 2007-2008 წლებში ესტონეთსა და საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევების უკან რუსეთი ფედერაცია იდგა, ასევე რუსეთის სპეცსამსახურების უშუალო ჩარევით განხორციელდა 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საიტზე მიტანილი კიბერიერიში.