გასული წლის 1 ოქტომბერს, კატალონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. მასში მონაწილეთა 90%-მა (რეგიონის სრული მოსახლეობის 40%) მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა. რეფერენდუმიდან ორი კვირის თავზე, რეგიონულმა პარლამენტმა დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა. შედეგად, მადრიდმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მოტივით კატალონიას ავტონომიის სტატუსი ჩამოართვა და დედაქალაქიდან პირდაპირი მმართველობა დაამყარა. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბრისთვის დანიშნა. მასზე ასეთი შედეგები დაფიქსირდა: როგორც ცალკე აღებულმა პარტიამ, უნიონისტურმა „მოქალაქეებმა“ (Ciudants) ყველაზე მეტი, 37 მანდატის მოპოვება მოახერხა. დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა: „ერთად კატალონიისთვის“, „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელებმა“, და „სახალხო ერთიანობის კანდიდატურამ“ შესაბამისად, 34, 32 და 4 მანდატის მოპოვება მოახერხეს, (ჯამში 70 მანდატი), რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
კატალონია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სეცესიონისტურად განწყობილი რეგიონია. ცენტრალური ხელისუფლებისადმი გაუცხოებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს: 1. განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობა; 2. ენობრივი სხვაობა; 3. ისტორიის მანძილზე შიდა პოლიტიკაში დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი/სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნის გამოცდილება; 4. ცენტრალური ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკა (მაგ. ფრანკოს დიქტატურა 1939-1975 წლებში). გარდა ამ მიზეზებისა, კატალონიურ სეპარატიზმს სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები კვებავს. რეგიონი ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 19 %-ს აწარმოებს. კატალონიის მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ ისინი უფრო მეტს უხდიან ცენტრალურ ხელისუფლებას, ვიდრე უკან იღებენ. ამის საუკეთესო ილუსტრაცია რეფერენდუმის მიმდინარეობისას გაჟღერებული სლოგანია – „Madrid nos roba“ – „მადრიდი გვძარცვავს“. კატალონიელები დაიღალნენ ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადასახადების გადახდით და მათი აზრით, დამოუკიდებლობის შემთხვევაში, საკუთარ ეკონომიკაზე სრულ კონტროლს დაიბრუნებენ. 21 დეკემბრის არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების მიერ საკმარისი რაოდენობის მანდატების მოპოვების მიუხედავად, კატალონია ისევ პოლიტიკურ კრიზისშია და რეგიონის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა, რეფერენდუმიდან 1 წლის თავზე, რეგიონულ პოლიტიკაში გარკვეული ტენდენციები გამოიკვეთა:
- კატალონიამ ავტონომიის სტატუსი დაიბრუნა – მას შემდეგ, რაც ესპანეთის ყოფილმა პრემიერმა, კონსერვატორმა მარიანო რახოიმ პარლამენტის მხარდაჭერა დაკარგა, კორტესმა ახალი ლიდერი – სოციალისტი პედრო სანჩესი აირჩია. სანჩესმა რეგიონს ავტონომიის სტატუსი დაუბრუნა და მადრიდიდან პირდაპირი მმართველობა გააუქმა. მისი აზრით, დამოუკიდებელი კატალონია ესპანეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა, იგი წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ხისტ პოლიტიკას ატარებს. მას მიაჩნია, რომ ბარსელონასთან დიალოგის დაწყება მადრიდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა;
- დამოუკიდებლობის მომხრე ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირდა – ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაზრდილმა წნეხმა დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით კატალონიელების მნიშვნელოვანი ნაწილი სკეპტიკურად განაწყო. უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ დამოუკიდებლობის მომხრე მოქალაქეთა რაოდენობა რეგიონის სრული მოსახლეობის 30 %-მდე შემცირდა. ამას ემატება ისიც, რომ ბარსელონაში სეპარატისტული ძალები ფეხის მოკიდებას ისევ ვერ ახერხებენ. ესპანეთისგან გამოყოფას დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 45 %-მა დაუჭირა მხარი;
- ახალი ხელისუფლება პუჩდემონტის მიერ აღებულ კურსს აგრძელებს – ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის ყოფილ პრეზიდენტს მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ამ უკანასკნელმა სასჯელის მოხდას რეგიონიდან გაქცევა ამჯობინა. რეგიონული ხელისუფლების ახალი მეთაური, ქვიმ ტორა პუჩდემონტის ახლო მეგობარია. წინამორბედის მსგავსად, კატალონიური დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით ტორაც საკმაოდ ხისტია. იგი მიიჩნევს, რომ ჟენერალიტეტმა კიდევ ერთი რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს. ამჯერად, მადრიდმა რეგიონს ხელი არ უნდა შეუშალოს. ახალი რეფერენდუმის შედეგებს კი სავალდებულოდ შესასრულებელი ხასიათი უნდა ჰქონდეს;
- კატალონიის ეკონომიკა შემცირებულია – ესპანეთის ეროვნული ბანკის განცხადებით, კრიზისულმა გარემომ რეგიონის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. გაურკვევლობის შეგრძნებამ 3000-მდე კომპანიას კატალონიური ბაზრის დატოვება და წარმოების სხვა ქვეყნებში გადატანა აიძულა. მონაცემები აჩვენებს, რომ კატალონიაში წინა წლებთან შედარებით, ნაკლები ახალი ბიზნესი იქმნება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წელს კატალონიის ეკონომიკის 2.6%-ით ზრდას ვარაუდობს. IMF-ის პროგნოზით, ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო შემცირდება;
- ევროკავშირის პოზიცია ისევ შეუვალია – დამოუკიდებლობის გზაზე კატალონიის წარუმატებლობას „ევროპის კავშირის“ პოზიცია განაპირობებს. ევროპაში მრავალი სეპარატისტული მოძრაობა არსებობს, მათ შორის: შოტლანდია (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო), ფლანდრია (ბელგია), ბავარია (გერმანია), ლომბარდია და ვენეტო (იტალია), ბასკეთი, ანდალუზია, არაგონი (ესპანეთი). აქედან გამომდინარე, თითოეული სახელმწიფო ცდილობს შეზღუდოს მის შიგნით არსებული სეცესიონისტური ჯგუფების მოქმედებები, რათა შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ბრიუსელის პოლიტიკა საკუთარ საზღვრებს შიგნით ახალი სახელმწიფოების გაჩენას ეწინააღმდეგება. დავუშვათ იმის ალბათობა, რომ „ევროპის კავშირის“ რომელიმე სახელმწიფოში სეცესიონისტურმა მოძრაობამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რა მოხდება შემდეგ? ამგვარ პრეცენდეტს ჯაჭვური რეაქციით სხვა სეცესიონისტური მოძრაობებიც შეუერთდებიან და ევროპული პროექტი არსებობას დაასრულებს. აქედან გამომდინარე, ეს მთავრობათშორისი ორგანიზაცია მხარს უჭერს სუბ-ეროვნული ჯგუფების თვითგამორკვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის/საზღვრების ურღვეობის პრინციპს საფრთხე არ ემუქრება.
მადრიდის მიერ კატალონიისთვის ავტონომიური სტატუსის გაუქმებამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში დიდი პროტესტი გამოიწვია. უკანასკნელ დღეებში, დამოუკიდებლობის მომხრე და მოწინააღმდეგე მოსახლეობას შორის დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა, რასაც სეპარატისტებსა და ესპანურ პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ისტორიულად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ სუბ-ეროვნული ჯგუფების ჩაგვრას ყოველთვის მოჰყვებოდა ხოლმე სეცესიონისტური ჯგუფების კულტურული და პოლიტიკური აღმავლობა. დღესდღეობით, კატალონიური სეპარატიზმი რიგი მიზეზების გამო წარუმატებელია, თუმცა, დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. თუ ესპანეთი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შესანარჩუნებლად სუბ-ეროვნული ჯგუფების ჩაგვრას განაგრძობს, იგი თავისდაუნებურად გააძლიერებს უმცირესობის სწრაფვას თვითგამორკვევისთვის. ნათელია, რომ არცერთი სახელმწიფო ამ პირობებში კატალონიის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. თუმცა, მადრიდის მიერ ძალის არაპროპორციულად გამოყენების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო დაინტერესდება რეგიონში მიმდინარე მოვლენებით. შედეგად, დამოუკიდებელი კატალონიის პროექტი უფრო ხელშესახები გახდება. კატალონიელები დააფუძნებენ დიპლომატიურ მისიებს სხვადასხვა ქვეყნებში და მსოფლიო მათთვის უფრო მეტად გაიხსნება. თუ მადრიდს სურს, სეცესიონისტური საკითხის გამწვავება თავიდან აირიდოს, მან ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, დაანახოს კატალონიელებს, რომ ისინი პატივს სცემენ მათ თვითგამორკვევის უფლებას. ესპანეთის ფედერაციული მოწყობა კატალონიური პრობლემის მოგვარების კიდევ ერთი შესაძლო ალტერნატივაა.
ერთი რამ ცხადია – მადრიდმა წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს. ავტონომიური სტატუსის კიდევ ერთხელ შეჩერება მხოლოდ უკურეაქციებს გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში რეგიონი მიმზიდველი გახდება სხვა სახელმწიფოებისთვის. ისტორიული გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასა და სეცესიონისტურ მოძრაობას შორის ურთიერთობებში მესამე აქტორის ჩარევა, ძირითადად, ავტონომიური ერთეულის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებით სრულდება.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი